„ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელება შეუძლებელია თეირანის სტრატეგიული ინტერესებისა და როლის გათვალისწინების გარეშე. ირანელი პარლამენტის წევრი

„ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელება შეუძლებელია ირანის სტრატეგიული ინტერესებისა და როლის გათვალისწინების გარეშე. ამის შესახებ განაცხადა ირანის პარლამენტის წევრმა არდებილიდან, ირან-აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სედიფ ბადრიმ.
„ბოლო დღეებში ჩვენ ვიხილეთ არაპროფესიონალური და არაპრაქტიკული კომენტარები „ზანგეზურის დერეფნის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე წინადადება არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს აღმასრულებელ და პრაქტიკულ ფორმას და აუცილებელია, რომ ამ პროექტების განხორციელებისას გათვალისწინებული იქნას ჩვენი რეგიონული ინტერესები. მუქარისა და იძულების ენა არასდროს არის რეგიონული განვითარების სწორი და ლოგიკური გზა და კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანა უნდა ეცადოს საერთო ინტერესების უზრუნველყოფას ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერითა და ცენტრალური როლით“, – თქვა მან. ირანელმა პარლამენტის წევრმა დასძინა: „კავკასიისკენ მიმავალი სტაბილური და უსაფრთხო გზა მხოლოდ ირანის მთავარ ღერძზე გადის და რეგიონის ყველა ქვეყანამ იცის, რომ რეგიონში თავისი ინტერესების დაცვა ირანის გარდა სხვა ქვეყანას არ შეუძლია. ჩვენ არ ვცდილობთ ამ სფეროში მეორეხარისხოვანი საკითხების წამოწევას, მაგრამ გვჯერა, რომ კავკასიაში არცერთი სატრანზიტო მარშრუტი, მათ შორის „ზანგეზურის დერეფანი“, არ იქნება სიცოცხლისუნარიანი და სტაბილური ირანის სერიოზული და მგრძნობიარე ინტერესების უზრუნველყოფის გარეშე“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა. შეგახსენებთ, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, ე.წ. „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ განცხადებებს და აღნიშნა, რომ დერეფნების შექმნამ არ უნდა შეარყიოს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა.







