სპორტი

ეღიშე მელიქიანი, სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

ეღიშე მელიქიანი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია. 46 წლის სპეციალისტის კანდიდატურა აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს დაამტკიცეს. ეღიშე მელიქიანთან კონტრაქტი 2026 წლის ნოემბრამდე იქნება ძალაში. დანიშვნაზე საუბრისას ეღიშე მელიქიანმა განაცხადა: „მე ვამაყობ, რომ სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დავიკავე. ვაცნობიერებ მომენტის სირთულეს და მთელ პასუხისმგებლობას, მაგრამ მზად ვარ, ეს გზა პატივით გავიარო. ყველა გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრებისა და სომხური ფეხბურთის საკეთილდღეოდ მივიღებ. ამ მომენტში ძალების გაერთიანების დროა. მოვუწოდებ მთელ საფეხბურთო საზოგადოებას, გაერთიანდნენ ეროვნული ნაკრების გარშემო“. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა, ეღიშე მელიქიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, აღნიშნა: „სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, შეცვალოს სომხეთის ეროვნული ნაკრების განვითარების მიმართულება. ჩვენ მადლიერები ვართ ჯონ ვან’ტ შიპის მიმართ მისი მუშაობისთვის. ახლა გუნდის ხელმძღვანელობას ვანდობთ სომეხ სპეციალისტს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სომხურ ფეხბურთს, რადგან მან გრძელი გზა გაიარა სომხეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშიდან მწვრთნელამდე, რომელმაც ბოლო წლებში ორი ჩემპიონატი მოიგო სომხურ საკლუბო ფეხბურთში. დარწმუნებულები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების, ეღიშე მელიქიანის თანამშრომლობისა და ყოველდღიური შრომის წყალობით, სომხეთის ეროვნული ნაკრები შეძლებს კარგი შედეგების მიღწევას. მე მჯერა, რომ კონსოლიდაციისა და ერთიანობის წყალობით, ჩვენ შევძლებთ წინსვლას“, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ადრე გამოაცხადა გადაწყვეტილება სომხეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯონ ვან’ტ შიპთან ურთიერთშეთანხმებით თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button