
5 ნოემბერს, სომხეთში ვიზიტის დროს, ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილემ, იოჰანეს ლუხნერმა, ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადასცა ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის სომხური მხარის მაღალჩინოსანს, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
გადაცემის ცერემონია სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრის, მჰერ გრიგორიანის თანდასწრებით გაიმართა.
ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის სომხური მხარის მაღალჩინოსანმა, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არფინე სარგსიანმა, დოკუმენტის მიღებისთანავე აღნიშნა, რომ ეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და უკვე გამოიწვია ფართო საზოგადოების ყურადღება და მოლოდინები.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ამ მიმართულებით დღემდე მიღწეული პროგრესი და განაცხადეს, რომ ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოფიციალური გადაცემა ორმხრივი ძალისხმევის ნამდვილი დასტურია.
კიდევ ერთხელ დადასტურდა სომხური მხარის ვალდებულება პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიმართ, რომლის საბოლოო შედეგია სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ღირსეული, უსაფრთხო და მარტივი მოგზაურობის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
ღონისძიების შემდეგ ლუხნერმა და სარგსიანმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.







