საერთაშორისო

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ: უკვე ოფიციალურად

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო უსაფრთხოების ურთიერთგაძლიერების შესახებ მემორანდუმის რატიფიცირების შესახებ“.

როგორც APA იტყობინება, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ არზუ ნაგიევმა განაცხადა, რომ დოკუმენტი ემსახურება „აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც გათვალისწინებულია შუშის დეკლარაციით“.

დოკუმენტის თანახმად, „მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთს გაუწიონ ურთიერთდახმარება ერთ-ერთი მათგანის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლების განსახორციელებლად, რომელიც აღიარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით“. მხარეები ერთმანეთს სამხედრო დახმარებას უწევენ ერთ-ერთი მათგანის მოთხოვნისამებრ და მათი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მემორანდუმი მოიცავს მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობისა და სამხედრო უსაფრთხოების საკითხებს და ამ ჩარჩოებში ითვალისწინებს ექსკლუზიურად ურთიერთდახმარებას თავდაცვის სექტორში, წვრთნებს, მომარაგებას და მხარეთა ერთობლივი ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდას. მხარეები აძლიერებენ ინფორმაციის გაცვლას სამხედრო სექტორში და თანამშრომლობას სამხედრო დაზვერვის სფეროში, მათ შეუძლიათ ერთმანეთთან გაუზიარონ სამხედრო უსაფრთხოების შესახებ მიღებული ინფორმაცია (საიდუმლო, უმკაცრესად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის) და გამოიყენონ ეს მონაცემები ერთობლივი ოპერაციების დროს.

უნდა გავიხსენოთ, რომ თურქეთი აქტიურად დაეხმარა აზერბაიჯანს სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 44-დღიან ომში, ის მას ახლო აღმოსავლეთიდან იარაღით, ინფორმაციით და დაქირავებული ჯარისკაცებით ამარაგებდა.

ნახეთ მეტი
Back to top button