
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი მიიჩნევს, რომ ირანის ირგვლივ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები TRIPP პროექტისთვის სახიფათო არ არის.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა ალენ სიმონიანმა, უპასუხა რა კითხვას, შეიძლება თუ არა ირანის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და ახლო აღმოსავლეთში არსებულმა დაძაბულობამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს TRIPP პროექტის განხორციელებაზე.
„ვფიქრობ, TRIPP-ისთვის ეს სახიფათო არ არის. ძალიან ვწუხვართ მსხვერპლის გამო და ვიმედოვნებთ, რომ მოვლენები რაც შეიძლება მალე დასრულდება, რადგან ეს უშუალოდ ჩვენს მეზობელთან ხდება, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამავდროულად, გვესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური საკითხი, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ომი, რომელსაც, დიდება ღმერთს, ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს და ვიმედოვნებთ, რომ ეს სომხეთის ინტერესებს არანაირად არ შეეხება“, – ხაზგასმით აღნიშნა ალენ სიმონიანმა.
ეროვნული კრების თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ომის ფონზე ძალიან დადებითი გარემოებაა ის, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა მშვიდობის საერთო ენა გამონახეს.
ამ მოვლენების კონტექსტში სომხეთის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ალენ სიმონიანმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ამ ყველაფერში არ მოხდეს სომხეთის რესპუბლიკის ჩათრევა და მოხდეს დაცვა ნებისმიერი პროცესისგან, რომელიც დარტყმის ქვეშ დააყენებს სამშვიდობო პროცესს.
ირანელი სომხების სომხეთში გადმოსვლის შესაძლებლობის შესახებ საუბრისას, სიმონიანმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ვითარება არ არის ისეთი, რომ ირანელი სომხები სომხეთში გადმოვიდნენ.
„ამ დროისთვის არ მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი საფრთხე ან ტენდენცია არსებობს. მსგავსი ტენდენცია არ ყოფილა არც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის დროს. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს გეგმები, თუმცა ამჟამად მსგავსი ნაკადი არ ყოფილა და არც არის“, – განაცხადა სიმონიანმა.
ისრაელი და აშშ 28 თებერვლიდან ახორციელებენ დარტყმებს ირანზე, რომელიც საპასუხო დარტყმებს აყენებს ისრაელს და რეგიონის ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს.







