მთავარიპოლიტიკა

1 აპრილიდან ლაჩინის დერეფნის სომხეთთან დამაკავშირებელ გზას შეიარაღებული ძალების ნაცვლად მესაზღვრეები დაიცავენ  –  ფაშინიანი

1 აპრილიდან, შეიარაღებული ძალების ნაცვლად, მესაზღვრეები დაიცავენ ლაჩინის დერეფნის სომხეთთან დამაკავშირებელ გზას, – ამის შესახებ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებული ცვლილებები მარშრუტის შეცვლას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ, აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებას შორის 2022 წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმების შედეგად, ლაჩინის დერეფნის მარშრუტი შეიცვალა ახალი გზით, მაგრამ რადგან ლაჩინის დერეფნის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზა ბოლომდე მზად არ იყო, ამოქმედდა დროებითი მარშრუტი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედიოდა კორნიძორის ხიდით, შემდეგ ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შემდეგ ისევ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.  მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამ მარშრუტს 2023 წლის 1 აპრილამდე უნდა ემოქმედდა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, გუშინ სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს აცნობა, რომ შეთანხმების თანახმად, კორნიძორის ხიდის შემდეგ გზა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიის გავლით გაგრძელდება და სომხეთის რესპუბლიკის მესაზღვრე ჯარები მოახდენენ ამ ტერიტორიაზე  სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვას.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მესაზღვრეები განლაგდებიან სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე, იმავე პოზიციებზე, სადაც აქამდე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები იყვნენ განლაგებულნი. უნდა დავაფიქსირო, რომ რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანულ საინფორმაციო არხები ავრცელებენ ინფორმაციას და  ცდილობენ  მომხდარი, ბოდიში ამ სიტყვისათვის,  მორიგ ბლოკბასტერად წარმოაჩინონ.

ეს მიდგომა, სულ მცირე, არაკონსტრუქციულია. ვიმეორებ, რომ ამ ყველაფრის შედეგად სომხების პოზიციებში ცვლილება არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ზემოთნახსენები ტერიტორიის დაცვას, წინასაგან განსხვავებით, მესაზღვრეების მეშვეობით ვაპირებთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილება, რომელიც ხდება, ასეთია: სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ იმავე პოზიციებიდან თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გეგმის მიხედვით გაიყვანენ და მათ ადგილას სასაზღვრო დაცვის ჯარების ნაწილები განლაგდებიან. იგივე წინადადება შევთავაზეთ აზერბაიჯანსაც, რომ იგივე მომხდარიყო აზერბაიჯანის მხარესაც. იმედი მაქვს, ეს პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა დაუღალავად ადასტურებს სამშვიდობო დღის წესრიგის ერთგულებას.

„ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება კონკრეტული ცვლილებები როგორც სტეფანაკერტ-ბაქოს, ასევე სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკების ფორმატში. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის ასეთი სამუშაოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ სტეფანაკერტ-ბაქოს ფორმატში მსგავსი დამოკიდებულება იქნება როგორც ბაქოდან, ასევე სტეფანაკერტის მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია სათანადო საერთაშორისო მექანიზმებისა და გარანტიების დანერგვა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button