„რაც არ უნდა აშენდეს, შემდეგი ხელისუფლება გარანტირებულად დაანგრევს“ – ირაკლი როსტომაშვილი „რიყის დოქების“ დემონტაჟზე

bpn.ge წერს, რომ „ეჭვი არ მეპარება რომ, რაც არ უნდა აშენდეს, რაც უფრო დიდი ხნის მერე მოვა შემდეგი ხელისუფლება, მით უფრო გარანტირებულად დაანგრევს“, – ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟის გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, კომპანია „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟზე ნებართვა გასცა. არქიტექტურის სამსახურის ბრძანების მიხედვით, დემონტაჟის სამუშაოები 2026 წლის 25 ივნისიდან 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ „რიყის დოქების“ იტალიელი არქიტექტორები, რომელთა განცხადებითაც, არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია ხელისუფლებასა და კერძო მესაკუთრესთან „რიყის დოქებისთვის“ ალტერნატიული დანიშნულების მოძებნის შესახებ, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
როგორც ირაკლი როსტომაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გამართლებული არ არის, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად, საზოგადოების აზრის მოსმენისა და გათვალისწინების გარეშე ხდებოდეს.
„ჩემი პოზიციაა, რომ მილიონ-ნახევრიან ქალაქში მსგავსი სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არ შეიძლება ერთმა კაცმა გადაწყვიტოს – არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა.
ეს უნდა გააკეთოს საზოგადოების აზრმა, საზოგადოების გამოკითხვამ. ოღონდ გამოკითხვაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ქუჩაში უნდა გააჩერო ვინმე.
რიყე თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. როგორც, მაგალითად, აბანოთუბანი, ბამბის რიგი, რკინის რიგი და შარდენი… ძველი თბილისი სწორედ ეგ იყო. ეს ყველაფერი თბილისისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სახე.
თავის დროზე კომუნისტებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს რიყეზე. ჩვეულებრივი თბილისური უბანი იყო, „პესკები“ ერქვა. იქ იყო ჩვეულებრივი სახლები, ქუჩები, ხალხი ცხოვრობდა. „მაგდანას ლურჯა“ სწორედ მანდ არის გადაღებული. აიღეს და დაანგრიეს.
ჩემი მოსაზრება ჯერ კიდევ მაშინ დავაფიქსირე, სანამ ამ „დოქებს“ დადგამდნენ. ახლაც, კონკურსი რომ გამოცხადდეს მაგ ტერიტორიაზე, ერთი-ერთზე აღვადგენდი რაც იყო.
მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს, ორმხრივი დაბომბვისას (აქედან საბჭოთა კავშირი და იქიდან ბრიტანეთი), მიწასთან გაასწორეს ქალაქი დრეზდენი, თავისი არაჩვეულებრივი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გალერეით. არავის აზრად არ მოსვლია, რომ იქ შემდეგ სხვა რაღაც გაეკეთებინა.
მაშინ აეროგადაღებები საერთოდ არ იყო და ძველი ფოტოებით, ნახაზებით, ერთი-ერთზე აღადგინეს ის შენობები, რაც იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ სულ მიწასთან გასწორებული ქალაქი აღადგინეს გერმანიაში და რიყეზე, 7 ჰექტარზე გაშენებულის აღდგენას რა უნდა?!
რაც მთავარია, ეგ რომ გაკეთდეს და აღდგეს, ათჯერ უფრო ძვირი იქნება. თქვენ წარმოგიდგენიათ, მანდ რომ იყოს შარდენისნაირი ქუჩა? – ისეთი, როგორიცაა ბამბის რიგი ან რკინის რიგი… მაგ ლოკაციაზე კაფეები, რესტორნები, გალერეები, სუვენირები, პატარა ბუტიკ-სასტუმროები, როგორი იქნება ტურიზმისთვის?! მე მაგის მომხრე ვარ“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, როგორია მისი შეფასება უშუალოდ სასტუმროს პროექტთან დაკავშირებით, რომლის აშენებაც „რიყის დოქების“ ნაცვლად დაანონსდა, როსტომაშვილი აცხადებს, რომ მომდევნო ხელისუფლება ამასაც დაანგრევს.
„მერე შეიცვლება ხელისუფლება და იმასაც დაანგრევენ. შემიძლია ახლავე დავდო სანაძლეო. ფიზიკის კანონია: ქმედება იწვევს უკუქმედებას. არსებობს პოტენციური და კინეტიკური ენერგია. ახლა ეს პოტენციური ენერგია იზრდება, იზრდება, გადავა კინეტიკურ ენერგიაში და ბევრად უფრო რადიკალური რაღაცები მოხდება. ეს ბუნების კანონია.
ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ რაც არ უნდა აშენდეს, რაც უფრო დიდი ხნის მერე მოვა შემდეგი ხელისუფლება, მით უფრო გარანტირებულად დაანგრევს. სწორედ ესაა ყველაზე ცუდი.
ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმ ხალხის აზრის გათვალისწინებით, ვისაც ეკუთვნის ეს ქალაქი. ეს ქალაქი კი მილიონ-ნახევარ თბილისელს ეკუთვნის.
თითოეულის აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ ქალაქში უნდათ ცხოვრება. არ შეიძლება, რომ ერთმა კაცმა მოიფიქროს „მოდი, ეს ავაშენოთ“ (რაც არ უნდა კარგი იყოს) და მეორე კაცმა თქვას – „მოდი, ეს დავანგრიოთ“ (რაც არ უნდა ცუდი იყოს)“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ირაკლი როსტომაშვილმა.









