რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

Interpressnews.ge წერს, რომ “4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევებზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, ამ მხრივ საინტერესო ინდიკატორი იქნება, მიულოცავენ თუ არა დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებები “ქართულ ოცნებას” ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებას. “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს – ეტიკეტი ხომ ამას ითხოვს. ჯერჯერობით არ ისმის ასეთი მილოცვები, რაც უკვე ნიშნავს, რომ მათი ხელი გუშინდელ არეულობაში იყო და საკუთარ თავს ისინი დამარცხებულად თვლიან”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. მისი აზრით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს უბრალოდ არ ჰქონდათ კონკრეტული გეგმა, ან თუ ასეთი გეგმა მაინც არსებობდა, ის “უხერხემლო” იყო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”. “მეც არ ვარ ჩახედული შიდა სამზარეულოში, თუმცა, რაც ჩანს, 13 წელია იძახიან – როგორ შევცვალოთ ხელისუფლება, გეგმას წარმოვადგენთო. ამ წლების განმავლობაში არაფერი წარუდგენიათ. ამ დროს გეგმა მარტივი რამეა: ადამიანს ოდნავ რომ გაურთულდება საქმე, დღის გეგმას ადგენს. რა გახდა ეს გეგმა? ეს იმას ნიშნავს, რომ არ აქვთ ასეთი გეგმა. ინტელექტუალური პოტენციალი აქვთ დაბალი, ყველამ მაპატიოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. გეგმა უბრალოდ არ არსებობდა, ან არსებობდა და უხერხემლო. ბურჭულაძე იძახდა – “იმდენი ხალხი მოვა და ხელისუფლებაც წავაო”. არ ხდება ასე. პოლიტიკური წარმოდგენები ადეკვატური არ ჰქონდათ”, – მიიჩნევს საყვარელიძე. მისი შეფასებით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მურთაზ ზოდელავას მიერ დაკავების წინ ჟურნალისტებთან საუბრისას “დონორის” ხსენება იმაზე მიანიშნებს, რომ აქცია დაფინანსებული იყო, სავარაუდოდ უცხოეთიდან”, – აღნიშნავს გამოცემა. “დონორები ვინ შეიძლება იყოს? უცხოეთი, ხომ? უკვე ზოდელასთვის იმ მომენტში უკვე ცხადი იყო, საით მიდიოდა პროცესი. იქამდე ბურჭულაძესთან მხნედ მიაბიჯებდა, მაგ მომენტში კი უკვე იგრძნო მარცხი. როგორც ჩანს, სცენარიც კი, თუ როგორ მოიქცეოდნენ, გაწერილი იყო პირდაპირ უცხოეთიდან. სიტყვა “დონორი”, რადგან ახსენა, ნიშნავს ვიღაცას, ვინც აფინანსებდა. სავარაუდოდ, უცხოეთი იქნებოდა”, – ამბობს საყვარელძე, რომლის აზრით, შაბათის აქციის ჩავარდნა საპროტესტო გამოსვლების დასრულებას არ ნიშნავს. “ვვარაუდობ, რომ ხელისუფლება რუსთაველის ღამის პროცესებს ჩააქრობს. მიუხედავად ამისა, მეეჭვება, რომ პროტესტები შეწყდეს, რადგან, როგორც ვთქვი, უცხოეთის საელჩოები ჩუმად არიან და ისინი გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, თვლის საყვარელიძე, რომლის თქმით “არ ჰგონია, რომ ეს ძალისხმევა უფრო ჭკვიანური იყოს, ვიდრე წინა”, – განაგრძობს გამოცემა. “ანალიტიკოსის შეფასებით, 4 ოქტომბრის აქციის კრახი მისი ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების მარგინალიზებას ნიშნავს. ახლა კი, სავარაუდოდ, წინა პლანზე გამოვლენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ აქციაში არ მონაწილეობდნენ. “დიდი პროცენტით გუშინდელი ჩავარდნა ოპოზიციის მარგინალიზებაა. თუმცა, ახლა უფრო აქტიურები გახდებიან ოპოზიციის ის ნაწილები, რომლებიც გუშინდელ პროცესებში არ იყვნენ აქტიურები. თუ არ ვცდები, დღესაც არის ჩანიშნული აქცია ქალბატონი ჩერგოლეიშვილის ინიციატივით, რომელიც გუშინდელ აქციის მიმართ კრიტიკული იყო”, – დასძენს საყვარელიძე, რომლის მტკიცებით, საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზდა, რათა „ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში არ დაბრუნებულიყო”, – წერს სტატიის ავტორი. “გავაცნობიეროთ, რა მოხდა – “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერმა ბურჭულაძემ, ასევე ზოდელავამ, გამოაცხადეს დამხობის მიზანი. ეს დაახლოებით იქნებოდა “ნაცმოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში. ამ დაპირებამ, რომ დავამხოთ ხელისუფლება და მერე მოვიდეს “ნაცმოძრაობა”, ფაქტობრივად აღადგინა 2012 წლის სულისკვეთება და მოსახლეობაში შექმნა სწრაფვა იმისკენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში დაუშვებელია. ამ სულისკვეთებამ ითამაშა დიდი როლი, რომ საზოგადოება უპრეცედენტოდ მობილიზებული აღმოჩენილიყო და “ნაცმოძრაობა” პოლიტიკური არეალიდან განედევნა”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.







