სომხეთის სხვადასხვა რეგიონში ტურისტული კლასტერების განვითარებაში 120 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდება

10 ივლისს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა მიიღო მსოფლიო ბანკის სომხეთის ოფისის ხელმძღვანელი ფაბრიციო ძარკონე.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ. შეხვედრის დროს განიხილეს ტურიზმისა და რეგიონული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების (TRIP) პროგრამის მიმდინარეობა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინიციატივის როლს ტურიზმის განვითარებაში და რეგიონული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას დაგეგმილი საქმიანობის ეფექტური და დროული განხორციელების უზრუნველსაყოფად.
TRIP პროგრამა ითვალისწინებს 120 მილიონი ევროს ინვესტიციას გორისის, არენის, ჯერმუკის, ეღეგისის, დვინის, გიუმრის და დილიჟანის ტურისტული კლასტერების განვითარებისთვის. პროგრამის მიზანია ღვინის, სპა, სათავგადასავლო, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სომხეთის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდა და რეგიონების კონკურენტუნარიანობა.







