პოლიტიკა

მოლაპარაკებების თემა იცვლება, მომდევნო რაუნდზე არსებული შერეული სისტემის მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებები განიხილება

,,პირველი არხის” ინფორმაციით, მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მონაწილეობა მიიღეს ამ მოლაპარაკებებში.

„მოლაპარაკებების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ ნაწილთან დაკავშირებით, რათა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. მოვემზადებით და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოვიტანთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში. მივესალმებით, რომ ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება პროცესი და რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რატომ არ ელოდება მმართველი გუნდი ეუთო-ს პასუხს, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აქვთ მყარი არგუმენტები.

„ჩვენ ამაზე გვაქვს მყარი არგუმენტები. როგორც ვხედავთ, ოპოზიციასთან ვერ შევთანხმდით, მათ არ სურთ ამ არგუმენტების გაზიარება. ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე უნდა გაკეთდეს. ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ, წარვადგინეთ ძალიან სოლიდური არგუმენტები. წინა შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები რეალურად სჭირდება გერმანულ მოდელს, ვინაიდან ის არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ ამ საკითხს ჩვენ ახლა არ განვიხილავთ. მოლაპარაკებების თემა არის უკვე არსებული შერეული მოდელის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, რაზეც, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება მომდევნო პოლიტიკური კამათი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button