მთავარისაზოგადოება

საქართველოს სომხები ითხოვენ მოქალაქეობის აღდგენას   გამოცდების  გარეშე

როგორც Factor.am -ი წერს, ბევრი საქართველოს სომეხი,  რომლებსაც ოდესღაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მოქალაქეობის აღდგენისთვის დადგენილი ქართული ენის გამოცდის გაუქმებას ითხოვს. მოქალაქეები, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოულოდნელად ჩამოერთვათ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, წლების განმავლობაში მიმდინარე საკითხის გადაწყვეტას ხედავენ „მოქალაქეობის“ კანონში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანით.  სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებ 63 წლის გარნიკ პუტულიანს 2008 წელს დაკარგული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა სურს და ქართულ ენაში გამოცდის მოთხოვნის გაუქმებას სთავაზობს, განსაკუთრებით მასავით ხანში შესული მოქალაქეებისათვის. ამბობს, რომ ამ ასაკში ენის სწავლა რთულია. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ამ სომხურ რეგიონში  40 წელს გადაცილებულმა მოსახლეობამ სახელმწიფო ენა თითქმის არ იცის. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის 94,8 პროცენტზე მეტი სომეხია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) მონაცემებით. „უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრი“ (ECMI) აცხადებს, რომ ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მხოლოდ 12 პროცენტი ფლობს ქართულ ენას. რეგიონში შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობა და მეკარტოფილეობაა. სხვადასხვა ანალიზის მიხედვით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის შრომისუნარიანი მამაკაცების 50 პროცენტზე მეტი სამუშაოდ საზღვარგარეთ, ძირითადად, რუსეთში მიდის. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული კიდევ ერთი რეგიონის ქვემო ქართლის მოსახლეობა 511,2 ათასია. ეთნიკურად, მოსახლეობის 44,7 პროცენტი ქართველია, 45,1 პროცენტი აზერბაიჯანელი, 6,4 პროცენტი სომეხი, 3,8 პროცენტი აფხაზი, ოსი, რუსები, ბერძნები, უკრაინელები და ქურთები. „ალიქ მედიასთან“ საუბარში პუტულიანი ამბობს, რომ ცუდი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მისი ორი სტუდენტი შვილის სწავლის საფასურის გადასახდელად, მან 2004 წელს მიიღო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, რათა წასულიყო რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ. (სომხეთს  საქართველოსგან განსხვავებით, აქვს რუსეთის ფედერაციისთვის უვიზო რეჟიმი) და 2008 წელს ორმაგი მოქალაქეობის უკანონოდ ყოფნის ფაქტის გამო  იძულებული გახდა უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. 2008 წელს საქართველოს კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის უფლება არ არსებობდა.

ნახეთ მეტი
Back to top button