ეკონომიკა

სომხეთში იპოთეკური სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აკრძალულია

სომხეთში იპოთეკური სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა აკრძალულია. News.am-ის მიხედვით, ამის შესახებ 21 მარტს, პარლამენტის სხდომაზე „სავალუტო რეგულირებისა და სავალუტო კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე და საბოლოო მოსმენით განხილვისას, განაცხადა საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ, მმართველი ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა გევორგ პაპოიანმა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ასევე მსოფლიოში დაფიქსირებული ეკონომიკური, პოლიტიკური და ფინანსური რისკებიდან გამომდინარე, გამოთქვა განზრახვა უფრო გადამწყვეტად იბრძოლოს „დოლარიზაციის“ და „მონეტარულობის“ წინააღმდეგ.

„მომავალი რისკების შესარბილებლად, ჩვენ ვთავაზობთ აიკრძალოს იპოთეკური სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა. ეს საკითხი განიხილეს როგორც ცენტრალური ბანკის, ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან. ამ გადაწყვეტილებამ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემები არ უნდა შეუქმნას. შესაძლო ნეგატიური ზემოქმედება ძალიან მცირე იქნება“, – დაარწმუნა პაპოიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბოლო დროს, ევროსა და დოლარში გაცემული სესხების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. „და თუ ამ ვალუტების კურსი მკვეთრად მოიმატებს, მსესხებლებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ“, – განმარტა დეპუტატმა.

მისი თქმით, ბანკები ამ პროექტით ენთუზიაზმით არ არიან განწყობილნი. თუმცა, იქაც კი ესმით რისკების მასშტაბი. პროგრამას მხარი დაუჭირა სრ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ ჰოვჰანნეს ხაჩატრიანმა. მისი აზრით, საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მომავალში თავიდან აიცილონ სირთულეები. „ამჟამად 8 000 მოქალაქეს აქვს იპოთეკური სესხი. თუმცა, იპოთეკური ბუმის ფონზე ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაორმაგდეს“, – გააფრთხილა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button