მთავარიპოლიტიკა

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: ოპოზიციის პროტესტმა შედეგი გამოიღო

ოპოზიციამ მოახერხა უმრავლესობის დარწმუნება – კანონპროექტში შესატანი ცვლილებებისთვის დროებითი ხასიათი მიენიჭებინათ.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტმა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონში შესწორებები მეორე მოსმენით სახეცვლილი სახით მიიღო. ცვლილებები მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, პარლამენტის დასტურის გარეშე დააწესოს შეზღუდვები საგანგებო რეჟიმის გაუქმების შემდეგ.

შესწორებების ახალ ვერსიას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოში 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისს იწურება. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გეგმავს რიგი შეზღუდვების დატოვებას. კერძოდ, საუბარია ზოგიერთ ეკონომიკურ საქმიანობაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე, ქვეყნის საზღვრებზე საგანგებო რეჟიმის დატოვებაზე.

ცხარე კამათის შემდეგ კანონპროექტმა სერიოზული ცვლილებები განიცადა – ოპოზიციამ მიაღწია, რომ შესწორებები მხოლოდ 15 ივლისამდე იმოქმედებს, ანუ იქნება დროებითი.

ავტორებს მოუხდათ დათმობაზე წასვლა კონსტიტუციის დარღვევასა და დიქტატურის დამყარების მცდელობაში ოპოზიციის ბრალდებების შემდეგ.

ახალი ვერსიით, მთავრობა შეძლებს დროებითი შეზღუდვების დაწესებას პანდემიის ან განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს, თუ ეს შეზღუდვები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, გათვალისწინებულია კანონით ან ნორმატიული აქტით, აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ არის დისკრიმინაციული.

გარდა ამისა, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული და მათი დაწესებით გამოწვეული სარგებელი აღემატებოდეს ზარალს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია.

შეიცვალა ასევე ხელისუფლებისთვის მინიჭებული ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში გაგზავნის უფლება. ახლა იზოლაციასა და თუ კარანტინში გაგზავნილ ყველა მოქალაქეს ექნება ადვოკატის აყვანის უფლება, ახლობლებისა და დამსაქმებლისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება, კარანტინში გაგზავნის მიზეზების ცოდნის უფლება.

მიუხედავად შეტანილი ცვლილებებისა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა კანონპროექტით და არ აპირებს უარის თქმას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე.

ვიდრე შესწორებები კანონის სახეს მიიღებს, დეპუტატებმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უნდა მიიღონ და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნონ.

ნახეთ მეტი
Back to top button