საერთაშორისო

„ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის“: ღარიბაშვილი საქართველო-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ

საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვა კარგად უნდა იყოს მომზადებული და ორგანიზებული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები აბაშიძე-კარასინის ფორმატში განიხილება.

„ვფიქრობ, ასეთი პირდაპირი კონტაქტის ორგანიზებას, მცდელობას სჭირდება კარგი დაფიქრება, კარგი მომზადება და ეს უნდა იყოს რეალურად შედეგზე ორიენტირებული და არა მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა საქართველოს და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის ორმხრივი კონტაქტი შედგეს.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ქვეყანა დაიცავს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქართველ ხალხს ეცოდინება, რა შედეგის მიღწევა სურს ხელისუფლებას ამ შეხვედრისგან.„ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა შედეგი შეიძლება წამოვიღოთ თეორიულად და პრაქტიკულად. მთლიანობაში, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველა ნორმალური სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უნდა მოქმედებდეს. ჩვენ, ბუნებრივია ჩვენი ინტერესები გვაქვს და ყველა სხვა სახელმწიფოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ასე, რომ ვფიქრობ, ასეთ შეხვედრებს სჭირდება კარგი მომზადება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button