საერთაშორისო

სალომე ზურაბიშვილი – რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, რომლებიც „ვაგონებით“ ჩამოდიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ, საქართველოში არ შეუძლიათ საბანკო ბარათების გამოყენება, დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით 1tv.ge აქვეყნებს ამონარიდს სალომე ზურაბიშვილის ინტერუდან, რომელიც ქვემოთ მოგვყავს:

ტურისტები, თუ ლტოლვილები, რომლებიც „ვაგონებით“ ჩამოდიან, სხვა მიმართულებით წავიდნენ, საქართველოში არ შეუძლიათ საბანკო ბარათების გამოყენება, დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Franceinfo-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა კითხვაზე – „ევროპას შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, საპასუხოდ განაცხადა, „ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ზუსტი. უპირველეს ყოვლისა, საქართველო შეუერთდა სანქციებს“.

„ფინანსურად. სრულად. დღეს რუსი ტურისტები, თუ ლტოლვილები, არ ვიცით, რა ვუწოდოთ მათ, რომლებიც „ვაგონებით“ ჩამოდიან. დაახლოებით, 100 000. უფრო მეტი ჩამოვიდა და ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ არ შეუძლიათ, გამოიყენონ საბანკო ბარათები, გადარიცხვები. ისევე როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებმა, ჩვენც დავაწესეთ ტოტალური ფინანსური შეზღუდვები. არ დავაწესეთ ეროვნული სანქციები, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, მაგალითად, მოლდოვამ. ეს არ არის ცენტრალური საკითხი. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უფრო ნაკლებად ვართ რუსეთზე დამოკიდებული; ენერგეტიკულ საკითხებში დიდი დამოუკიდებლობა გვაქვს. გაზი აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს, არ გვაქვს რუსული გაზი. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით გვაქვს ჰიდროელქტროსადგურები. ზაფხულში უფრო ნაკლებად, მაგრამ ამ დროს შემოგვაქვს თურქეთიდან, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება, გარკვეული პერიოდებში, 8%-ია, რაც სრულიად მართვადია. ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს არა ეს იმპორტი, არამედ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი ბევრჯერ დაიმუქრა, რომ უკრაინის მსგავსად, იქ [ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე] ჩაატარებდა რეფერენდუმებს და მოახდენდა ამ ტერიტორიების სრულ ანექსიას. ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ევროპის მკაფიო პასუხი. მე არ ვფიქრობ, რომ ევროპას, ან მსოფლიოს სჭირდებათ, უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, კიდევ ერთი კონფლიქტი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „თქვენ დამოკიდებულებაზე საუბრობდით, შესაძლებელია, ეს ისტორიული კავშირებიდანაც მომდინარეობს – არის ქართულ-რუსული ოჯახები, ის 100 000 რუსი, რომლებმაც შეძლეს ჩამოსვლა რადგან ვიზისგან გათავისუფლებული არიან. თქვენ რაღაც მომენტში ამბობდით, რომ გაგეუქმებინათ ეს უვიზო მიმოსვლა, ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდება“, ზურაბიშვილმა უპასუხა:

„მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ საჭირო იყო ამ შემოსვლების მკაცრი კონტროლი. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს პირები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში არ არიან პუტინის არმიის წევრები, ისინი საშუალო კლასის წარმომადგენლები არიან, უფრო ახალგაზრდები, რომლებიც ამ სიტუაციაში, რუსეთში თავიანთ ადგილს ვეღარ ხედავენ. ეს 10 თვეა რაც გრძელდება, იმდენივე, რამდენიც ომი. იყო შემომსვლელების რამდენიმე ტალღა, მათ შორის, იყვნენ სხვათა შორის ქართველები, რომლებიც რუსეთში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ცხოვრობდნენ. არ არის დაპირისპირება არც უკრაინელ ლტოლვილებთან, რომლებსაც ასევე ვიღებთ საქართველოში, რომლებიც დაახლოებით, 30 000 არიან, და არც რუს და ქართველ მოსახლეობას შორის, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების არსებობისა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რუსეთის მოქალაქეების მიმართ ვიზები არის, ისევე როგორც სხვებისთვის. არის ერთ წლიანი ვიზები. არ არის უვიზო რეჟიმი, ისევე როგორც ევროპელებისთვის. მე ვთქვი, რომ შესაძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზის ხანგრძლივობა შეგვეცვალა. ეს საკითხი დახურული არ არის, და ჩვენ ვაკონტროლებთ ამ მოსახლეობას, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, თავი დააღწია მობილიზაციას. ამ შეკითხვაზე თეთრი ან შავი პასუხი არ არსებობს, რთულია და უნდა ვმართოთ“.

რაც შეეხება კითხვას, „თუ დავხედავთ საქართველოს რუკაზე, მას აქვს საზღვრები თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და რუსეთთან. უკრაინა შესაძლებელია უფრო გახსნილია დასავლეთ ევროპასთან“, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად.

„მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button